this link
    • საწყისი
    • ბიოგრაფია
    • დამაარსებელი
    • დისკოგრაფია
    • აუდიო
    • ვიდეო
    • გალერეა
    • “ამერ-იმერი”
    • კონტაქტი
    • ფორუმი

    დამაარსებელი

    ედიშერ გარაყანიძე 1979 წელს 22 წლის ახალგაზრდა მოვიდა ეკლესიაში. მან სიონის საკათედრო ტაძრის გუნდში დაიწყო მოღვაწეობა, როგორც მგალობელმა და ასევე რეგენტმა და სიცოცხლის ბოლომდე აქ მსახურობდა. აღნიშნული პერიოდი ერთ-ერთი ურთულესი იყო მორწმუნეთათვის. ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებდა ეკლესიაში მოსულ ყოველ კადრს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანებს და მრავალ პრობლემას უქმნიდა მათ. ბატონმა ედიშერმა გაუძლო დროის გამოცდას და ამასთან წარმოაჩინა თავი, როგორც უნიჭიერესმა, პატრიოტმა პიროვნებამ. თავისი ხანმოკლე სიცოცხლე მან ქართული ფოლკლორის და საეკლესიო საგალობელთა შესწავლასა და პირვანდელი სახით მათი აღდგენის საქმეს მოახმარა.

    მის მიერ დაარსებული ანსამბლი “მთიები” და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია “ამერ-იმერი” საერთაშორისო დონის მეტად სერიოზულ განაცხადად იქცა, რომელმაც ეროვნული სულის აღორძინებას შეუწყო ხელი.

    ედიშერი უპირველეს ყოვლისა, იყო ღვთის მოშიში და მოყვარული ჭეშმარიტი მართმადიდებელი ქრისტიანი. ამიტომაც ნათელი და ღრმაა მის მიერ დატოვებული კვალი და დღესაც სწორი ორიენტაციის მიმცემია ფოლკლორისტიკაში მრავალი დიდმნიშვნელოვანი კვლევისათვის.

    სრულიად საქართველოს
    კათოლიკოს-პატრიარქი
    ილია II

    2003წ.


    ედიშერ გარაყანიძე ჭეშმარიტად უნიკალური პიროვნება გახლდათ. ის მაღალი დონის მეცნიერიც იყო და ხელოვანიც, მკვლევარიც და მომღერალიც, თეორეტიკოსიც გახლდათ და პრაქტიკოსიც.

    იგი ყველას ხიბლავდა თავაზიანობითა და სერიოზულობით, ინტელიგენტურობით, კეთილსინდისიერებით. ის არაჩვეულებრივად მოკრძალებული ადამიანი იყო, მისთვის უცხო იყო თვითკმაყოფილება და საკუთარი თავის რეკლამირება. არა და დიდ საქმიანობას ეწეოდა არა მარტო სამშობლოში, არამედ საზღვარგარეთაც. ქართული ხალხური მუსიკის შესახებ ლექციებს კითხულობდა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.

    პირველად სწორედ მან დააყენა დღის წერიგში ქართული ხალხური მუსიკის ძირძველი ტრადიციების, სოფლად შობილი ნატურალური, აუთენტური ფორმების აღორძინების საკითხი, რითაც სათავე დაუდო ახალ მიმდინარეობას… ამ გზაზე აღსანიშნავია რამდენიმე მთავარი მიღწევა: ესაა მის მიერ დაარსებული სახელმოხვეჭილი ფოლკლორული ანსამბლი “მთიები”, საყმაწვილო ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია “ამერ-იმერი” და მისივე გასვლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც აწარმოებდა მივიწყებული ადათ-წესების რესტავრაციის ცდებს. დღეს, ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ სწორედ ედიშერ გარაყანიძის დამსახურებაა, რომ “ჭონამ”, განსაკუთრებით კი “ალილომ” თავიდან დაიწყო ცხოვრება ახალ, თანამედროვე საქართველოში.

    მანანა ახმეტელი
    ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
    საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე 2003 წ.


    ედიშერ გარაყანიძემ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ სასიმღერო ფოლკლორში, ის იყო უანგარო, გამორჩეული პიროვნება, რომელიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. მასში საოცრად იყო შეზავებული მაღალნიჭიერება და პროფესიონალიზმი. იგი გახლდათ თანამედროვე ტიპის ფოლკლორისტი, რომელიც ზედმიწევნით კარგად იცნობდა დღევანდელი ფოლკლორისტიკის ყველა მიღწევებს და სუსტ მხარეებს, ფლობდა მის ურთულეს ნიუანსებს. იგი ქართულ ხალხურ სიმღერას მეცნიერულად შეისწავლიდა და წარმოაჩენდა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. შემსრულებლობაში ავთენტიკურობა პრიორიტეტული იყო მისთვის.

    ჩემს ოჯახში არც თუ იშვიათად მოდიოდა ძველი ფონოჩანაწერების მოსასმენად. თითოეული ჩვენი შეხვედრა იყო ხმამაღალი ფიქრი სიმღერის მომავალზე, მის ბედზე. სწორედ ამ მიზნით ჩამოაყალიბდა “მთიები” და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია “ამერ-იმერი”. ზრუნავდა ახალგაზრდა თაობების მუსიკალურად სწორ აღზრდაზე.

    ედიშერ გარაყანიძე მეტად მოკრძალებული პიროვნება გახლდათ, უბრალოება მისი ცხოვრების წესი იყო. მეგობრობდა მოხუც მომღერლებთან, გლეხი კაცი უყვარდა, სიმღერას ყოფაში სწავლობდა, სიმღერასთან ერთად სასიმღერო ტრადიციებსაც ითვისებდა, იყო ყველა ოჯახის სასურველი სტუმარი. მის შემდეგ არაერთხელ მომიხდა ექსპედიციებში წასვლა, მომღერლები თვალცრემლიანი იგონებენ ამ მართლაც არაჩვეულებრივ მოღვაწეს.

    დიდი გეგმები ჰქონდა ქართული სიმღერის გადასარჩენად… მოულოდნელად წავიდა, მაგრამ დატოვა დიდი შემოქმედება, რომელიც მომავალ თაობებს გაჰყვება.

    ედიშერი ჩემთვის იყო და დარჩება სამაგალითო პიროვნებად.

    ანზორ ერქომაიშვილი
    ფოლკლორისტი, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი
    ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი. 2003 წ.


    კაცი – სანთელი. ედიშერ გარაყანიძის მიმართ ეს არ გახლავთ მეტაფორა ან ეპითეტი. ის, მართლაც, სანთელივით წმინდა კაცი იყო, თავის ირგვლივ ნათლის მიმომფინველი. მისგან უხვად მოიფრქვეოდა ყველაფერი, რასაც კეთილშობილება, ოჯახიშვილობა და სულიერი არისტოკრატიზმი ჰქვია. იგი თითქოს გრიგოლ ხანძთელის, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელებისა თუ იოანე პეტიწის ამალას იყო ჩამორჩენილი…

    ნიკო სამადაშვილი რომ ამბობს: “ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი”-ო, მასაც ასევე ჰქონდა დაყრილი ქართული ფოლკლორის ტაო. იგი ჩვენი მუსიკალური ფოლკლორის ჩინებული მკვლევარი კი არ იყო მხოლოდ, არამედ თავად ბრძანდებოდა ქართული ხალხური სიმღერის გუთნისდედა…

    ვახუშტი კოტეტიშვილი. 2003 წ


    ედიშერ გარაყანიძის თავისებური, გამორჩეული ხედვა ზოგადად ფოლკლორზე, მის მომავალზე, ასევე მისი ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობა, მუდამ ჩემი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

    მე გაოცებული დავრჩი, როდესაც მოვისმინე მისი შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები. იგი ამ სფეროშიც ისეთივე ნიჭიერებითა და ღირებული მოღვაწეობით გამოირჩეოდა, რაც მთავარია თავისი მელოდიკის ავტორია.

    იგი მუდამ დარჩება ქართველი ხალხის სულიერ ცხოვრებაში, როგორც ღრმა განსწავლული, მნიშვნელოვანი მეცნიერ-თეორეტიკოსი, შესანიშნავი მუსიკოსი წესიერებისა და პატიოსნების ნამდვილი სიმბოლო.

    ბიძინა კვერნაძე

    ვ.სარაჯიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო
    კონსერვატორიის პროფესორი, კომპოზიტორი. 2003წ.


    თავმდაბლობა, გამორჩეული თავაზიანობა, მოკრძალება, მოთმინების უნარი და მუსიკალურობა ედიშერ გარაყანიძის არსების თანდაყოლილი თვისებები გახლდათ.

    ის იყო არა მარტო ფოლკლორისტი, არამედ შესანიშნავად ერკვეოდა სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობაში, ეპოქასა და სტილში…

    გია ყანჩელი
    კომპოზიტორი. 2003წ.


    ედიშერ გარაყანიძის მოღვაწეობის, ზრუნვისა და თვით ცხოვრების უმთავრესი მიზანი, ქართული სიმღერის, საერთოდ საქართველოს ათასწლოვანი ხალხური შემოქმედების ხვალინდელი დღე, მისი პირველწყაროსადმი ერთგულება იყო, აქ იგი უკომპრომისო გახლდათ. მსგავს თავდადებულ მეცნიერსა და პრაქტიკოსს იშვიათად თუ შეხვდება კაცი, ედიშერმა ბევრის გაკეთება მოასწრო, თუ არა მისი ცხოვრების ტრაგიკული დასასრული, უშრეტი ენერგიით, ცოდნით, ნიჭიერებით, პრინციპულობით, ყოველივე ქართულისადმი მამულიშვილური მიდგომით გაჟღენთილ ერისკაცს, ჩვენი ქვეყნისათვის გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო.

    ჯემალ ჭკუასელი
    ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს
    სახელმწიფო ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი. 2003 წ.


    ბუნებით მომადლებული ნიჭის, ფართო ერუდიციისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით ედიშერმა სტუდენტობის წლებიდანვე მეცნიერული კვლევის მდიდარი შესაძლებლობები გამოავლინა და სულ მცირე დროში ფოლკლორისტთა წრეში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. მისი საშემსრულებლო მოღვაწეობის გვირგვინი შესანიშნავი ანსამბლი “მთიები” და ბავშვთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია “ამერ-იმერი” იყო.

    ედიშერ გარაყანიძე _ სახელი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის ისტორიაში და რომელსაც დავიწყება არ უწერია.

    კუკური ჭოხონელიძე
    თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის,
    სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური სამუსიკო
    შემოქმედების კათედრის გამგე 2003 წ.


    Думая о судьбе Эдишера, я вспоминаю совет В.В. Маяковского, мудрый и грустный: «Берегите больших людей, пока они маленькие». Судьба не сберегла Эдишера – он погиб на пороге зрелых свершений. Совмещая работу практика, исполнителя и теоретика, он не поставил одно на службу другого, но в каждую область вносил ей необходимую творческую энергию. Он умел собирать и отбирать: он знал, что в фольклоре готово для исполнительского претворения, а что – для теоретического обобщения. Он шел вглубь традиции,чтобы творить сразу в двух сферах – обучая и обучаясь. Я бы хотел увидеть все, написанное им, собранным в одной книге, переведенной на английский язык. Как говорил мой учитель, проф. В. Я. Пропп, все проходит – только остаются книги на полках библиотек. Книге Эдишера Гараканидзе принадлежит заслуженное будущее.

    Изалий Иосифович Земцовский
    проф., Доктор искусствоведения 2003г.


    

    Multilingual WordPress by ICanLocalize

    ყველა უფლება დაცულია 2009 Mtiebi.Com
    მხატვარი ბაჩი ჯინჭარაძე