1980 წელს შეიქმნა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “მთიები”, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი გახლდათ ახალგაზრდა მუსიკოს-ფოლკლორისტი _ შემდგომში თვალსაჩინო ეთნომუსიკოლოგი ედიშერ გარაყანიძე. “მთიები” სხვა ანსამბლებისაგან მალევე გამოირჩა თავისი შემოქმედებითი პრინციპებით, რამაც იგი აუთენტური მიმართულების პიონერად აქცია საქართველოში. ანსამბლის უმთავრეს პრინციპთაგანია ფოლკლორული ნიმუშის ისე შესრულება, როგორც მას ასრულებდნენ ან ნაწილობრივ დღესაც ასრულებენ ჩვეულ ეთნოგრაფიულ გარემოში: ”მთიების” შესრულებულ სიმღერებში დაცულია სათანადო კუთხისთვის დამახასიათებელი შესრულების მანერა და ტონური სისტემა; სოფლელი შემსრულებლების მსგავსად, ანსამბლის წევრები სიმღერასთან ერთად ცეკვავენ და უკრავენ სხვადასხვა საკრავზე; “მთიებმა” დაამკვიდრა სცენაზე სადა ფერხულებისა და გაშაირების ხალხური ტრადიცია. ანსამბლის მიზანია სცენაზე წარმოდგენილ ფოლკლორს შეუნარჩუნოს ის ბუნებრივობა და სილაღე, რომელიც აგრე რიგად ახასიათებს მის პირველად ფორმებს. “მთიებმა” სცენაზე პირველმა გააცოცხლა ე.წ. თურქეთის საქართველოს ფოლკლორიც.
მჭიდრო კავშირი სოფლელ შემსრულებლებთან, და საერთოდ ქართულ სოფელთან, ანსამბლის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. ფოლკლორის ნიმუშების ჩაწერის მიზნით მოწყობილი ექსპედიციების გარდა, “მთიების” წევრები 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ყოველწლიურად დადიან როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისე _ თბილისურ ოჯახებში “ალილოსა” და “ჭონის” წეს-ჩვეულების აღსასრულებლად, რის შედეგადაც თანამედროვე საქართველოში აღდგა ეს უძველესი, მივიწყებული ტრადიცია.“მთიები” ბევრს მოგზაურობს საქართველოს საზღვრებს გარეთაც: მართავს კონცერტებს, ატარებს ქართული სიმღერის გაკვეთილებს, არის არაერთი საერთაშორისო (ვილნიუსის, კოპენჰაგენის, მოსკოვის, ბასკეთის, ლვოვის და სხვ.) ფესტივალის ლაურეატი. 1992 წელს სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატობა მოიპოვა გერმანიაში. ჯგუფის წევრები აშშ მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ლოუელის საპატიო მოქალაქეებად არიან არჩეულნი (1990).
ანსამბლზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი (რეჟ. დიმიტრი გუგუნავა 1988), სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემა, მათ შორის “მთიები” ქართლში, ავტორები _ ლია დავლიანიძე, ნანა გურგენიძე (საქართველოს ტელევიზიის Iარხი 1982), “მთიები” საგარეჯოს რაიონში ავტორები _ ქეთევან კაპანაძე, ლია დავლიანიძე (საქართველოს ტელევიზიის Iარხი 1989), “მთიები”, ავტორი _ დალი გურგენიძე (საქართველოს ტელევიზიის Iარხი 1990), “ალილო ბიჭო”, ავტორი _ ლუიზა შაკიაშვილი (საქართველოს ტელევიზიის Iარხი 1997), მღერის “მთიები”, ავტორი ლუიზა შაკიაშვილი (საქართველოს ტელევიზიის Iარხი 1998), “მთიები” დიდ ბრიტანეთში, ავტორები _ ლუიზა შაკიაშვილი, თინათინ ჩიკოიძე (საქართველოს ტელევიზიის Iარხი 1998), “მთიები”, ავტორი _ თამარ თაგვაძე (საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” 2009), “ქართული ხმები”, ავტორი _ კახა გრიგალაშვილი, რეჟისორი სოსო სტურუა (საქართველოს ტელევიზიის Iარხი 2009). აგრეთვე არაერთი რადიო გადაცემა. “მთიებს” მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ დოკუმენტურ ფილმში, მათ შორის მერაბ კოკოჩაშვილის “ფენომენში”.
2001 წლიდან ანსამბლ “მთიებს” ედიშერ გარაყანიძის ვაჟი გიორგი (გიგი) ხელმძღვანელობს. მან 2003 წელს განაახლა შემადგენლობა და ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა შერეული ჯგუფი, რომლის წევრებიც აუთენტურ შემოქმედებით პრინციპებზე აღიზარდნენ სტუდია “ამერ-იმერში” და რომლებიც დღეს, უფროს თაობასთან ერთად, ედიშერ გარაყანიძის სახელობის ეთნომუსიკის თეატრ “მთიებში” არიან გაერთიაიანებულნი.
ყველა უფლება დაცულია 2009 Mtiebi.Com
მხატვარი ბაჩი ჯინჭარაძე