1991 წელს ედიშერ გარაყანიძემ მეუღლესთან _ ენათმეცნიერ ნინო ბაღათურიასთან ერთად დააარსა საყმაწვილო ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია “ამერ-იმერი”. ნინო ბაღათურიას მიერ სტუდიისთვის საგანგებოდ შეიქმნა სასწავლო კურსი “სამშობლოსმცოდნეობა”, რომელსაც დაემყარა სტუდიის მუშაობა: მთავარი მიზანია ბავშვის აღზრდა ჰარმონიულ პიროვნებად, რისი საწინდარიც მისი მშობლიურ ნიადაგზე დაყენებაა. სტუდიაში ეს უმთავრესად მუსიკალური ფოლკლორის საშუალებით ხორციელდება; აქვე ბავშვებს ექმნებათ ის გარემო, რომელიც დამახასიათებელია ქართული ტრადიციული ყოფისთვის: ბავშვები სწავლობენ წინაპართაგან საუკუნეებში გამოტარებულ ტრადიციულ ქართულ საბავშვო თამაშობებს, აუთენტურ სიმღერებსა და ცეკვა-ფერხულებს; ეცნობიან საქართველოს ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მითოლოგიას, ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს; სწავლობენ საეკლესიო საგალობლებსა და საღვთო სჯულს; ზოგადი შემეცნების წესით ეცნობიან საქართველოში გავრცელებულ ტრადიციულ დარგებს.
ბავშვები მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სტუდიის მიერ მოწყობილ ექსკურსიებსა და გრძელვადიან ექსპედიციებში, სადაც მათთვის პრაქტიკულად ცოცხლდება სტუდიაში მიღებული თეორიული ცოდნა. სხვაგვარად, სტუდიაში ხდება ხალხური მემკვიდრეობისადმი კომპლექსური მიდგომა.
ამის შედეგია, რომ საუკუნეობრივ ტრადიციას ზიარებული ბავშვები სიმღერებს ასრულებენ უდირიჟოროდ, თავისუფლად, სწორედ ისე, როგორც მათი თანატოლები მღეროდნენ სოფლად საუკუნეების განმავლობაში; ქმნიან საკუთარ სტუდიურ ფოლკლორს – სიმღერების იმპროვიზაციულ ვარიანტებს, თამაშობებს, ენის გასატეხებს, გამოსაჯავრებლებს და სხვ.
“ამერ-იმერი” მართავს წარმოდგნებსაც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. “ამერ-იმერის” საერთაშორისო განაცხადთაგან აღსანიშნავია: 1994 წელს გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე “ამერ-იმერი” ევროპის საუკეთესო სტუდიად აღიარეს სპეციალისტებმა, რის საფუძველზეც “დოიჩე ბანკი” მას წლების განმავლობაში უწევდა თანადგომას; 2002 წელს “ბი-ბი-სის” მიწვევით სტუდია იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც მონაწილეობდა “საერთაშორისო კონცერტი 2002”-ში, მისი გამოსვლები და ქართული სიმღერის გაკვეთილები გადაიცა “ბი-ბი-სის” ტელე- და რადიოარხებით (BBC 2002).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით “ამერ-იმერი” 2007 წლიდან თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან (“ლურჯ მონასტერთან” – წინამძღვარი დეკანოზი დავით შარაშენიძე) არსებული ბავშვთა სტუდიაა.
ყველა უფლება დაცულია 2009 Mtiebi.Com
მხატვარი ბაჩი ჯინჭარაძე